დავით ასათიანი – ქალთა უფლებების დარღვევა ჩვენი საზოგადოების დიდი გამოწვევაა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. დავით ასათიანის მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ქალთა უფლებების დარღვევა ჩვენი საზოგადოების დიდი გამოწვევაა, თუმცა ქალების წვდომა მართლმსაჯულებაზე ის ფუნდამენტური საკითხია, რომელიც მათ საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით, მე მხარს ვუჭერ ქალთა უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ყველა სფეროში – ქალებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
მართლმსაჯულების სისტემა თავისუფალი უნდა იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან და მასში ჩართულ ყველა მხარესა თუ სამართლის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს გენდერულად-მგრძნობიარე მიდგომა. საკანონმდებლო სისტემა, ისევე როგორც სამართლებრივი პრაქტიკა და პროცედურები, უნდა გამორიცხავდეს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და მხარს უჭერდეს არსებითი თანასწორობის მიღწევას. ამასთან, სამართლებრივი დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს ქალების საჭიროებას, დროულად და ეფექტიანად უწევდეს მათ იურიდიულ დახმარებას.

ყოველივე აღნიშნულის მისაღწევად, გააძლიერებს საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაციის გადაცემასა და კვალიფიკაციის ამაღლებას მოქმედი და მომავალი ადვოკატებისათვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა ქალი ადვოკატებისადმი, რომლებიც დღეს მოქმედ ადვოკატთა თითქმის ნახევარს წარმოადგენენ. ადვოკატ ქალებს, ისევე როგორც ქალებს საზოგადოების სხვა სფეროებში, უწევთ თავის დამკვიდრება რთულ ვითარებაში და გენდერული სტერეოტიპების დამარცხება საკუთარი პროფესიული წინსვლით.

მჯერა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში გენდერული სამართლიანობის გაძლიერებისა და არსებითი თანასწორობის მიღწევაში უახლოეს მომავალში. ყველას გილოცავთ 8 მარტს“, – ნათქვამია დავით ასათიანის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

წყარო:   http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/482048-davith-asathiani-qaltha-uflebebis-darghveva-chveni-sazogadoebis-didi-gamotsvevaa.html

დასვი შეკითხვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *